საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო

პრესრელიზები

დევნილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი ქუთაისში დევნილ ოჯახებს შეხვდა


2017-01-31 15:50:00

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი ეგრეთ წოდებული „მთის ბროლისა“ და „ზესხოს“ ჩასახლებებში მცხოვრებ დევნილ ოჯახებს შეხვდა.

მინისტრის განცხადებით, აღნიშნული შენობები, ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის თანახმად, ნგრევადია და იქ მცხოვრები 70-მდე დევნილი ოჯახი ქუთაისში, მენაშენეებისგან გამოსყიდულ ახალაშენებულ კორპუსში ბინებს კრიტერიუმების გარეშე მიიღებს.

დევნილებთან შეხვედრისას სოზარ სუბარმა დაგეგმილი რეფორმის შესახებ ისაუბრა. მინისტრის განცხადებით, ამ ეტაპზე, შეთანხმების პროცესია და რეფორმის კონკრეტული მოდელი გადაწყვეტილი არ არის, თუმცა სახელმწიფო ბიუჯეტიდან დევნილებისთვის გამოყოფილ თანხას არც ერთი თეთრი არ მოაკლდება და ის ისევ დევნილებს მოხმარდებათ. რეფორმის საშუალებით შესაძლებელი გახდება, რომ გაორმაგდეს სოციალური დახმარება იმ დევნილებისთვის ვისაც ყველაზე მეტად უჭირთ და ამასთანავე, გაორმაგდეს მშენებლობების ტემპები. საკანონმდებლო ორგანოში წარდგენამდე რეფორმა აუცილებლად გასაჯაროვდება.

სოზარ სუბარმა დევნილებს „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესში“ შესატანი ცვლილებებიც გააცნო. მინისტრის N320 ბრძანებაში კრიტერიუმების ცვლილების შედეგად, დევნილთა გრძელვადიანი განსახლების პროცესი კიდევ უფრო სამართლიანი და დევნილთა საჭიროებებზე მორგებული გახდება.

დევნილთა და განსახლების მინისტრმა ქუთაისში, ერისთავის ქუჩაზე ქართველი მენაშენეებისგან გამოსყიდული თანამედროვე სტანდარტებით აშენებული კორპუსიც დაათვალიერა.

ერისთავის ქუჩაზე ბინები უკვე გადაეცა 3 დევნილ ოჯახს, რომლებიც იმ ტერიტორიაზე ცხოვრობდნენ, სადაც ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქის უნდა აშენდეს. იმისათვის, რომ მასშტაბური პროექტის განხორციელებას ხელი არ შეეშალოს სამინისტრომ, მათივე თანხმობის საფუძველზე, 3 ოჯახი ახალ ბინებში, სხვა დევნილი ოჯახების შესახლებამდე გადაიყვანა.

ქუთაისში 2017 წლის თებერვალსა და მარტში ახალაშენებულ კორპუსებში ბინები 387 დევნილ ოჯახს გადაეცემა. აქედან 160 ოჯახს სამინისტროს მიერ აშენებულ კორპუსებში, 184 ოჯახს აღმაშენებლის ქუჩაზე მენაშენებისგან გამოსყიდულ კორპუსში, ხოლო 43 ოჯახს ერისთავის ქუჩაზე ასევე მენაშენეებისგან გამოსყიდულ კორპუსში. ქუთაისში დაიხურება 6 ნგერავადი ობიექტი და იქ მცხოვრები 140 დევნილი ოჯახი ბინას ახალაშენებულ კორპუსებში მიიღებს.

იხილეთ ფოტოგალერია

იხილეთ ვიდეოგალერია