საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო

პრესრელიზები

სოზარ სუბარმა წყალტუბოში მიმდინარე სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერა


2017-07-13 10:38:00

წყალტუბოში, 560 დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით, 8 ათსართულიანი კორპუსი აშენდება. ამ ეტაპზე, უკვე ორი კორპუსის მშენებლობა მიმდინარეობს, სადაც ბინას 140 დევნილი ოჯახი მიიღებს.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა სოზარ სუბარმა და იმერეთის გუბერნატორმა გივი ჭიჭინაძემ კორპუსების სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერეს.

სოზარ სუბარის განცხადებით, ტენდერში გამარჯვებული სამშენებლო კომპანია სამუშაოებს, ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადებში, ვერ ასრულებს.

„სამშენებლო სამუშაოების განსაზღვრულ ვადებში შესრულებას, გარკვეულწილად, ბუნებრივმა მოვლენებმა შეუშალა ხელი. საძირკველში წყალი ჩადგა და მუშაობა შეუძლებელი იყო. ამიტომაც, შევთანხმდით მშენებელთან, რომ ამ ეტაპზე არ ვწყვეტთ ხელშეკრულებას და გარკვეულ ვადას ვაძლევთ, რათა გრაფიკს დაეწიოს. მინდა ხელი შევუწყო კეთილსინდისიერ მშენებლებს, მაგრამ დევნილების ხარჯზე ეს ვერ მოხდება. იმედი მაქვს, რომ ისინი დაეწევიან გრაფიკს და 2018 წლის გაზაფხულზე ბინებს ჩაგვაბარებენ“,- განაცხადა სოზარ სუბარმა.

თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი 2 კორპუსის მშენებლობა 2016 წლის სექტემბერში დაიწყო და ხელშეკრულების შესაბამისად, 2018 წლის გაზაფხულზე უნდა დასრულდეს.

7 734 243 ლარის ღირებულების სამშენებლო სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია „ორნამენტი“ აწარმოებს. მშენებლობაზე დასაქმებულთა დიდი ნაწილს დევნილები წარმოადგენენ.

იხილეთ ვიდეო 

იხილეთ ფოტოგალერია