საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო

პრესრელიზები

გორში ბინის მიღების მსურველი დევნილი ოჯახებისთვის მინიჭებული ქულები


2017-07-31 16:33:00

დევნილთა და განსახლების სამინისტრო გორში, ახალაშენებულ კორპუსებში ბინას 480 ოჯახს გადასცემს. ახალაშენებულ კორპუსებში საცხოვრებელი ფართის მიღების მოთხოვნით განაცხადი 1221-მა დევნილმა ოჯახმა შეავსო.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დევნილთა საკითხების დეპარტამენტმა, დევნილი ოჯახების მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე, გრძელვადიანი განსახლების კრიტერიუმების შესაბამისად, თითოეულ აპლიკანტს წინასწარი ქულა მიანიჭა.

სიის გამოქვეყნებიდან 15 სამუშაო დღის ვადაში დევნილ ოჯახებს შესაძლებლობა ჰქონდათ წარმოედგინათ დამატებითი დოკუმენტაცია, რასაც შესაძლოა გავლენა მოეხდინა მათთვის წინასწარ მინიჭებულ ქულებზე. სამინისტროს დევნილთა დეპარტამენტში არსებულმა წინასწარი შეფასების განყოფილებამ, შესაბამისი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელა დევნილი ოჯახებისათვის წინასწარ მინიჭებული ქულების კორექტირება. კორექტირებული სია ქვეყნდება სამინისტროს ვებ-გვერდზე.

იხილეთ სია

ბინების რაოდენობისა და კორექტირებული ქულების გათვალისწინებით, დევნილთა საკითხების შემსწავლელმა კომისიამ განსაზღვრა განაცხადების რაოდენობა, რომელთა გადამოწმება უნდა განახორციელოს მონიტორინგის განყოფილებამ.

მონიტორინგის განყოფილება გადაამოწმებს მინიჭებულ ქულებს. ამასთან, უზრუნველყოფს დევნილი ოჯახების საცხოვრებელი პირობებისა და საჭიროებების ადგილზე შესწავლას. მონიტორინგის განყოფილების მიერ გადამოწმებული განაცხადები, გადაწყვეტილების მისაღებად, წარედგინება დევნილთა საკითხების შემსწავლელ კომისიას.

კომისია განიხილავს იმ დევნილი ოჯახების კრიტერიუმების გარეშე საცხოვრებლით უზრუნველყოფის საკითხს, რომლებიც ცხოვრობენ, შესაბამისი საექსპერტო დასკვნის მიხედვით ნგრევად და სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის მომეტებული საფრთხის შემცველ ყოფილ კომპაქტურად განსახლების ობიექტებში და რომელთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის საფუძველია ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანოს ან სასამართლოს გადაწყვეტილება.

ბინების განაწილების პროცესი გამჭვირვალედ წარიმართება და მასში ჩართულები იქნებიან სახალხო დამცველის აპარატის, საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციებისა წარმომადგენლები.

ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, ვინც გამოქვეყნებულ სიაში აღმოაჩენს რაიმე სახის უზუსტობას, შეუძლია აღნიშნულის თაობაზე მიმართოს სამინისტროს, რომელიც თავს მხრივ მზადყოფნას გამოთქვამს, კონფიდენციალურობის სრული დაცვით გადაამოწმოს მოწოდებული ინფორმაცია.

შენიშვნა: ზემოთ წარმოდგენილი ინფორმაცია ეფუძნება „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესი“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს N320 ბრძანებას.