საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო

პრესრელიზები

სოზარ სუბარმა სამეგრელოს რეგიონში განახლებული საბავშვო ბაღები მოინახულა


2017-09-28 10:44:00

დევნილთა საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო დევნილთა საინიციატივო ჯგუფებს, სოციალური პროექტის განხორციელების მიზნით, გრანტებს გადასცემს. პროგრამის ფარგლებში, სამეგრელოს რეგიონში 21 საბავშვო ბაღი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მოეწყო და აღიჭურვა.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა სოზარ სუბარმა, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა ლევან შონიამ და თბილისის მერმა დავით ნარმანიამ ზუგდიდის რაიონის სოფლებში დარჩელსა და კოკში განახლებული საბავშვო ბაღები დაათვალიერეს.

დარჩელის საბავშვო ბაღში ახალი სასწავლო წლისთვის სათამაშო მოედანი მოეწყო, კოკში კი საძინებლები აღიჭურვა. საბავშვო ბაღის აღსაზრდელების 50%-ზე მეტს დევნილი ბავშვები შეადგენენ.

დარჩელის საბავშვო ბაღის შენობაში 3 დევნილი ოჯახი ცხოვრობს, რომლებიც ადგილზე არიან დასაქმებულები. ბაღს 140 აღსაზრდელი ჰყავს, გარდა დარჩელისა მეზობელ სოფლებსაც ემსახურება და დამატებითი ფართი ესაჭიროება. სწორედ ამიტომ, სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ იქ მცხოვრებ ოჯახებს ზუგდიდში, ახალაშენებულ კორპუსებში, უპირობოდ გადასცეს ბინები. დევნილი ოჯახების მიერ გამოთავისუფლებული საცხოვრებელი ფართები კი ბაღის სარგებლობაში გადავა.

საგრანტო პროგრამა „ეკონომიკური შესაძლებლობების თანაბარი ხელმისაწვდომობა დევნილებისთვის“ ევროკავშირის მიერ არის დაფინანსებული. პროგრამას დევნილთა საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია ახორციელებენ.

პროგრამის ფარგლებში, დევნილთა საინიციატივო ჯგუფებს, 10 000 ლარის ფარგლებში, კიდევ 24 სოციალური პროექტი დაუფინანსდებათ.

გრანტის მიღებისთვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს, რომ სოციალური ინვესტიციის განხორციელების ადგილას პროექტის სამიზნე ბენეფიციარები ცხოვრობდნენ.

პროექტის სამიზნე ჯგუფებს წარმოადგენენ:
• მარტოხელა მშობლები, რომლებიც ზრდიან არასრულწლოვან შვილებს;
• შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირები ან მათ ოჯახის წევრები;
• 25 წლის ან ნაკლები ასაკის ახალგაზრდები, რომლებიც მართავენ ოჯახს - დამოუკიდებლად უვლიან არასრულწლოვან დედმამიშვილებს;
• ხანდაზმული პირები, რომლებიც ზრუნავენ არასრულწლოვან, ობოლ შვილიშვილებზე.

იხილეთ ვიდეო 

იხილეთ ფოტოგალერია