მიმდინარეობს რეკონსტრუქცია
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა საკითხები

პრესრელიზები

საარსებო წყაროების ახალი სტრატეგია და სამოქმედო გეგმა დამტკიცდა


2018-02-26 17:36:00

საქართველოს მთავრობის განკარგულებით იძულებით გადაადგილებულ პირთათვის - დევნილთათვის საარსებო წყაროებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის სტრატეგია და ამავე სტრატეგიის განხორციელების 2018-2019 წლების სამოქმედო გეგმა დამტკიცდა.

2018-2019 წლების სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული აქტივობები ორიენტირებულია დევნილთა განათლებისა და გადამზადების ხელშეწყობაზე; მათი დასაქმებისა და თვითდასაქმების მაჩვენებლის ზრდაზე; დევნილთათვის საარსებო წყაროების გრანტების მოპოვებასა და სახელმწიფოში არსებულ საარსებო წყაროების პროგრამებში მათი ჩართულობის მაჩვენებლის ზრდაზე.

სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ღონისძიებები მორგებულია დევნილთა საჭიროებებზე და ითვალისწინებს სხვადასხვა ჯგუფის ინტერესებს.

სამოქმედო გეგმაში შევიდა ცვლილებები, რომელთა მიხედვითაც: საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო, პარტნიორ ორგანიზაციასთან ერთად, დახმარებას აღმოუჩენს გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრებ დევნილებს სათბურების მშენებლობაში, ასევე დაფინანსდება დევნილთა მცირე და/ან საშუალო საწარმოები. შედეგად, დევნილებს გაუჩნდებათ საკუთარი შემოსავალი და იქნებიან ფინანსურად დამოუკიდებლები სახელმწიფოსგან.

ცვლილებების თანახმად, დევნილთა საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს უფლებამოსილება მიენიჭა დევნილების გარდა, პროექტები/პროგრამები ეკომიგრანტების საარსებო წყაროს შექმნის კუთხითაც განახორციელოს. შესაბამისად, სააგენტოს სახელწოდება შეიცვალა და ჩამოყალიბდა შემდეგი სახით - საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო.

დევნილთათვის საარსებო წყაროებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის სტრატეგიის განხორციელების 2016-2017 წლების სამოქმედო გეგმის ფარგლებში, სააგენტოს მუშაობის შედეგად არაერთი წარმატებული ცვლილება განხორციელდა:

• 2016-2017 წლებში საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს პროგრამებით 3000 - ზე მეტმა დევნილმა ისარგებლა;
• წინა წლებთან შედარებით, დევნილების საარსებო წყაროების პროგრამებზე 2,500,000 ლარით მეტი დაიხარჯა;
• გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციასთან ერთად, უკიდურესად გაჭირვებული დევნილი ოჯახებისთვის 900-ზე მეტი საარსებო წყაროს შექმნის პროექტი დაფინანსდა;
• სააგენტოს საინფორმაციო კამპანიის შედეგად 43% - დან 75% - მდე გაიზარდა დევნილების ცნობადობა საარსებო წყაროების პროგრამების შესახებ.

სააგენტოს ძალისხმევით, 2015 წელთან შედარებით, საარსებო წყაროების სხვადასხვა პროგრამაში ჩართულ დევნილთა რაოდენობა 2016-2017 წლებში მკვეთრად გაიზარდა.