საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო

პრესრელიზები

დევნილ ოჯახებს განაცხადების შევსება იუსტიციის სახლებში შეეძლებათ


2018-04-12 17:33:00

დევნილ ოჯახებს განსახლების მოთხოვნით განაცხადების შევსება იუსტიციის სახლებში შეეძლებათ, - ამის შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა სოზარ სუბარმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდგომ განაცხადა.

„მთავრობის სხდომაზე ძალიან მცირე ტექნიკური შესწორება შევიტანეთ დევნილთა შესახებ კანონში, რომელიც დასამტკიცებლად პარლამენტს გადაეგზავნება. ეს შესწორება დევნილ ოჯახებს საშუალებას მისცემს განსახლების მოთხოვნით განაცხადები, მთელი საქართველოს მასშტაბით, არსებულ იუსტიციის სახლებში შეიტანონ. ამ ეტაპზე, განაცხადები მხოლოდ სამინისტროსა და მის რეგიონალურ სამმართველოებში თბილისში, ზუგდიდსა და ქუთაისში მიიღება და დევნილები იძულებულები არიან მაინცდამაინც ამ სამ ლოკაციაზე მივიდნენ. პარლამენტის მიერ ცვლილების დამტკიცების შემდეგ, დევნილებს შეეძლებათ განაცხადები საქართველოს ყველა რაიონსა და ძალიან ბევრ სოფელში შეავსონ. მზადდება ტრენინგი იუსტიციის სამინისტროს თანამშრომლებისთვის, რათ მათ დევნილების შეკითხვებს კვალიფიციური პასუხები გასცენ. განსახლების მოთხოვნით წელიწადში მინიმუმ 4000 განაცხადი იწერება და ცვლილების შედეგად, დევნილებისთვის ეს პროცესი გაადვილდება“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.

იხილეთ ვიდეო