მიმდინარეობს რეკონსტრუქცია
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა საკითხები

პრესრელიზები

იპოთეკური სესხის დაფარვის მსურველი დევნილი ოჯახებისთვის მინიჭებული წინასწარი ქულები


2018-04-13 12:37:00

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო იპოთეკურ სესხს 100 დევნილ ოჯახს დაუფარავს. იპოთეკური სესხის დაფარვისათვის ფულადი დახმარების მაქსიმალური ოდენობა ერთ ოჯახზე 20 000 ლარს შეადგენს.

გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით, სახელმწიფოს მიერ ერთჯერადი ფულადი დახმარება გაიცემა იმ დევნილ ოჯახებზე, რომლებსაც 2018 წლის პირველ იანვრამდე, იპოთეკური სესხით შეძენილი აქვთ სახლი/ბინა და აღნიშნული წარმოადგენს ოჯახის ერთადერთ საკუთრებას.

იპოთეკური სესხის დაფარვის მოთხოვნით განაცხადი 555-მა დევნილმა ოჯახმა შეავსო. სამინისტროს დევნილთა საკითხების დეპარტამენტმა, დევნილი ოჯახების მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე, გრძელვადიანი განსახლების კრიტერიუმების შესაბამისად, თითოეულ აპლიკანტს წინასწარი ქულა მიანიჭა. აღნიშნული ქულები ქვეყნდება სამინისტროს ვებ-გვერდზე. 

იხილეთ სია

სიის გამოქვეყნებიდან 15 სამუშაო დღის ვადაში დევნილ ოჯახებს შესაძლებლობა ეძლევათ, წარმოადგინონ დამატებითი დოკუმენტაცია, რამაც შესაძლოა გავლენა იქონიოს მათთვის მინიჭებულ წინასწარ ქულებზე. შესაბამისი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, სამინისტრო განახორციელებს დევნილი ოჯახებისთვის მინიჭებული წინასწარი ქულების კორექტირებას. კორექტირებული სია გამოქვეყნდება სამინისტროს ვებ-გვერდზე.

მონიტორინგის განყოფილება გადაამოწმებს მინიჭებულ ქულებს. მონიტორინგის განყოფილების მიერ გადამოწმებული განაცხადები, გადაწყვეტილების მისაღებად, წარედგინება დევნილთა საკითხების შემსწავლელ კომისიას.

კომისიის მუშაობის პროცესი გამჭვირვალედ წარიმართება და მასში ჩართულები იქნებიან სახალხო დამცველის აპარატის, საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციებისა წარმომადგენლები.

ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, ვინც გამოქვეყნებულ სიაში აღმოაჩენს რაიმე სახის უზუსტობას, შეუძლია აღნიშნულის თაობაზე მიმართოს სამინისტროს, რომელიც თავს მხრივ მზადყოფნას გამოთქვამს, კონფიდენციალურობის სრული დაცვით გადაამოწმოს მოწოდებული ინფორმაცია.

შენიშვნა: ზემოთ წარმოდგენილი ინფორმაცია ეფუძნება „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესი“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს N320 ბრძანებას.