მიმდინარეობს რეკონსტრუქცია
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა საკითხები

პრესრელიზები

დევნილთა მინისტრის პირველმა მოადგილემ ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტების მიერ ორგანიზებულ შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო


2018-04-27 11:15:00

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის პირველმა მოადგილემ გრიგოლ გიორგაძემ კიევში, ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტების (ENNHRI) მიერ, იძულებით გადაადგილებულ პირთა უფლებების საკითხებზე ორგანიზებულ სამუშაო შეხვედრაში  მონაწილეობა მიიღო.

მინისტრის პირველი მოადგილე სამუშაო შეხვედრაზე მოხსენებით გამოვიდა, სადაც ხაზი გაუსვა დევნილთა სფეროში არსებული სახელმწიფო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებს. ასევე, ღონისძიების მონაწილეებს, დევნილთა მიმართ არსებული პროგრამების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.

გრიგოლ გიორგაძემ, მოხსენებაში საქართველოს სახალხო დამცველთან არსებულ თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ დევნილთა უფლებრივი მდგომარეობის დაცვის მიზნით, აუცილებელია სამინისტროს საქმიანობაში სახალხო დამცველის აპარატის ჩართულობა. ასევე, ხაზი გაუსვა ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების მასობრივ დარღვევებს და ამ მიმართულებით არსებულ გამოწვევებს.

ღონისძიებას ესწრებოდნენ, დევნილთა საკითხებში გაეროს სპეციალური მომხსენებელი, ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტების წარმომადგენლები მსოფლიოს მასშტაბით. მათ შორის, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის მთავარი მრჩეველი იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა უფლებების საკითხებში. შეხვედრის ფარგლებში გაიმართა დისკუსიები ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტების როლის შესახებ იძულებით გადაადგილებულ პირთა უფლებების დაცვის საკითხში. სამუშაო შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა, სახელმწიფო უწყებების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტების თანამშრომლობის გაძლიერება.