მიმდინარეობს რეკონსტრუქცია
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა საკითხები

პრესრელიზები

დევნილები სახელმწიფო სერვისებს იუსტიციის სახლებში მიიღებენ


2018-09-18 15:51:00

დევნილი ოჯახები გრძელვადიანი განსახლების მიზნით განაცხადის შევსებას, სტატუსთან, შემწეობასთან და სხვა სოციალურ საკითხებთან დაკავშირებული განცხადებების წარდგენას, საქართველოს მასშტაბით, იუსტიციის სახლის ყველა ფილიალში შეძლებენ.

შესაბამის მემორანდუმს ხელი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ გრიგოლ გიორგაძემ და იუსტიციის სახლის აღმასრულებელმა დირექტორმა გივი აზაურაშვილმა მოაწერეს. ღონისძიებას იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი დაესწრო.

ამ დრომდე, აღნიშნული სერვისებით სარგებლობა მხოლოდ სამინისტროსა და მის რეგიონალურ სამმართველოებში - თბილისში, ზუგდიდსა და ქუთაისში იყო შესაძლებელი, რის გამოც დევნილებს ხშირად უწევდათ შორ მანძილზე გადაადგილება.

სამინისტროს პროექტის ფარგლებში, დევნილი ოჯახების მიერ შევსებული განაცხადების ერთიანი ელექტრონული ბაზა შეიქმნა. ელექტრონული ბაზის შექმნის შემდეგ, ტექნიკურად შესაძლებელი გახდა, დევნილმა ოჯახებმა გრძელვადიანი განსახლების მოთხოვნით განაცხადები იუსტიციის სახლებშიც შეავსონ.

ცვლილებების შედეგად, იძულებით გადაადგილებული ოჯახებისთვის განაცხადების შევსების პროცესი გამარტივდა და სახელმწიფო სერვისების მიღება კიდევ უფრო ხელმისაწვდომი და კომფორტული გახდა.

სამინისტრო და იუსტიციის სახლი უკვე წარმატებით თანამშრომლობენ ეკომიგრანტების მიმართულებით. 2017 წლიდან, ეკომიგრანტი ოჯახები სახელმწიფო სერვისებით იუსტიციის სახლის ყველა ფილიალში სარგებლობენ.