საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო

პრესრელიზები

დევნილებმა თერჯოლაში ბინები მიიღეს


2013-11-25 19:08:00

დღეს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, გოგი ფაცაციამ, მინისტრის მოადგილე მამუკა ცოტნიაშვილმა, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ელგუჯა ხოკრიშვილმა, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID-ის) დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა როი პლაკნეტმა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა თერჯოლაში 44 იძულებით გადაადგილებულ ოჯახს საცხოვრებელი სახლის გასაღები გადასცეს.

თერჯოლის მუნიციპალიტეტში ყოფილი საავადმყოფოს შენობის რეაბილიტაცია საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID-ის) დაფინანსებით განახორციელა. სამუშაოების საერთო ღირებულება 1501395.27 ლარია.

პროექტის ფარგლებში 44 საცხოვრებელი ბინის რეაბილიტაცია მოხდა. აქედან 13 ერთ ოთახიანი, 22 ორ ოთახიანი 9 სამ ოთახიანი, მათ შორის, ორი ბინა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვისაა სრულად ადაპტირებული.

პროექტის განმავლობაში მშენებლობაზე 50 ადამიანი იყო დასაქმებული, საიდანაც 15 იძულებით გადაადგილებული პირი იყო.

ყველა საცხოვრებელს გააჩნია ინდივიდუალური სააბაზანო და საპირფარეშო, რომელიც სრულად არის აღჭურვილი. სამზარეულოებში დამონტაჟდა წყლის გამათბობელები, ასევე, დაიდგა კარმის ტიპის გაზგამათბობელი. ეზოში მოწყობილია სათამაშო ატრაქციონი, ასევე, მოეწყო ავტომანქანებისთვის სადგომი. დამონტაჟდა გარეგანათების ქსელი და დეკორატიული სანათები.

ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით, მუნიციპალური განვითარების ფონდი საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა მუნიციპალიტეტში იძულებით გადაადგილებული პირებისთვის 10 საცხოვრებელი კორპუსის რეაბილიტაციას ახორციელებს. USAID-ის მიერ პროექტის განსახორციელებლად საერთო ჯამში 11,982,688.23 ლარია გამოყოფილი. პროექტის დასრულების შედეგად, დევნილებისთვის 10 საცხოვრებელი კორპუსი და 335 ბინა მოეწყობა.

„მე ბედნიერი ვარ, რომ მაქვს პატივი დღეს საცხოვრებელი ბინების გასაღებები ჩვენს დევნილებს გადავცე. ეს პროცესები, რა თქმა უნდა, გაგრძელდება და წლის ბოლომდე 2000 - მდე დევნილ ოჯახს გადავცემთ საცხოვრებელ ფართს“ - აღნიშნა მინისტრის პირველმა მოადგილემ გოგი ფაცაციამ.