საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო

ზოგადი ინფორმაცია

რეპატრიაციის საკითხები

1999 წელს ევროპის საბჭოში გაწევრიანების დროს საქართველომ აიღო რიგი ვალდებულები, მათ შორის:  საქართველოს უნდა მოემზადებინა საბჭოთა რეჟიმის მიერ დეპორტირებული მესხი მოსახლეობის რეპატრიაციისა და ინტეგრაციის, მათ შორის საქართველოს მოქალაქეობის უფლების შესახებ სამართლებრივი ბაზა (PACE Opinion № 209, 27 იანვარი, 1999).

ვალდებულების შესრულების მიზნით 2007 წლის 11 ივლისს მიღებულ იქნა კანონი (№ 5261) “ყოფილი სსრკ-ის მიერ XX საუკუნის 40-იან წლებში საქართველოს სსრ-დან იძულებით გადასახლებულ პირთა რეპატრიაციის შესახებ”. კანონის ფარგლებში რეპატრიანტის სტატუსის მოსაპოვებლად შესაბამის ვადებში მომართა 5841პირმა, რომელთა შორის რეპატრიანტის სტატუსი მინიჭებული აქვს 1533 პირს. მიმდინარეობის ასევე დარჩენილი განაცხადების განხილვის პროცესი.

2010 წლის 30 მარტს მიღებულ იქნა საქართველოს მთავრობის დადგენილება (№ 87) „რეპატრიანტის სტატუსის მქონე პირთათვის საქართველოს მოქალაქეობის გამარტივებული წესით მინიჭების შესახებ“, რომელიც გამორიცხავდა რეპატრიანტის სტატუსის მქონე პირის მოქალაქეობის არმქონე პირად დარჩენას. დღეისათვის აღნიშნული საკითხი რეგულირდება საქართველოს ორგანული განონით „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ და საქართველოს პრეზიდენტის 2014 წლის 10 ივნისის N237 ბრძანებულებით „საქართველოს მოქალაქეობის საკითხთა განხილვისა და გადაწყვეტის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე.“ აღნიშნული სამართლებრივი საფუძვლით, რეპატრიანტის სტატუსის მქონე პირს სტატუსის მინიჭებიდან 2 წლის განმავლობაში შეუძლია განაცხადოს გამარტივებული წესით მოქალაქეობის მინიჭების მოთხოვნით. საქართველოს მოქალაქეობის გამარტივებული წესით მინიჭების შესახებ ბრძანებულების გამოცემიდან ორი წლის ვადაში პირმა უნდა დატოვოს სხვა ქვეყნის მოქალაქეობა. პირობადებული მოქალაქეობა მიიღო 494 რეპატრიანტის სტატუსის მქონე პირმა.

2011 წლის 1 მარტს საქართველოს მთავრობის N111 დადგენილებით ჩამოყალიბდა უწყებათაშორისი სამთავრობო საბჭო, რომლის უფლებამოსილებაა რეპატრიაციის საკითხების რეგულირების პროცესში ჩართული უწყებების საქმიანობის კოორდინაცია და საკითხთან მიმართებაში კონკრეტული ინიციატივებისა და რეკომენდაციების შესრულების ხელშეწყობა. დღესდღეობით ყოფილი სსრკ–ს მიერ XX საუკუნის 40-იან წლებში საქართველოდან იძულებით გადაადგილებულ პირთა რეპატრიაციის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორის სამთავრობო საბჭოს ხელმძღვანელობს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი.

საქართველოს მიერ ვალდებულების შესრულებისკენ კიდევ ერთი ნაბიჯი 2014 წლის 12 სექტემბერს ოფილი სსრკ-ის მიერ XX საუკუნის 40-იან წლებში საქართველოს სსრ-იდან იძულებით გადასახლებულ პირთა რეპატრიაციის შესახებ სახელმწიფო სტრატეგის მიღებით გადაიდგა. სტრატეგიის მიზანს რეპატრიანტთა ღირსეული და ნებაყოფლობითი დაბრუნებისა და შემდგომ საზოგადოებაში მათი ინტეგრაციის ხელშეწყობა წარმოადგენს. სტრატეგიის ფარგლებში შემუშავებულია სამოქმედო გეგმა შესაბამისი უწყებების ჩართულობით, რომელიც  ევროპის საბჭოსთან შეთანხმების შემდგომ დასამტკიცებლად საქართველოს მთავრობას წარედგინება.