საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო

ხშირად დასმული კითხვები ლტოლვილთა შესახებ


თავშესაფრის საკითხთ


 

1. ვის უნდა მიმართოს უცხო ქვეყნის მოქალაქემ თავშესაფრის (ლტოლვილის და ჰუმანიტარული სტატუსი) მისანიჭებლად?

- საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო ერთადერთი ადმინისტრაციული ორგანოა, რომელიც პასუხისმგებელია თავშესაფრის მაძიებელი პირის განცხადების მიღებაზე, განხილვასა და გადაწყვეტილების მიღებაზე;

2. რა საკანონმდებლო აქტები არეგულირებს თავშესაფრის (ლტოლვილის და ჰუმანიტარული სტატუსი) საკითხებს საქართველოში?

- ჟენევის 1951 წლის კონვენცია ,,ლტოლვილის სტატუსის შესახებ“;
- 1967 წლის ოქმი ,,ლტოლვილის სტატუსის შესახებ“;
- საქართველოს კანონი ,,ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსების შესახებ“.

3.რა შემთხვევაში შეიძლება მიენიჭოს პირს ლტოლვილის სტატუსი?

- ,,ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, ლტოლვილის სტატუსი ენიჭება პირს, რომელიც არ არის საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში მუდმივად მცხოვრები მოქალაქეობის არმქონე პირი, იმყოფება საქართველოში, აქვს საფუძვლიანი შიში, რომ იგი შეიძლება გახდეს დევნის მსხვერპლი რასის, რელიგიის, აღმსარებლობის, ეროვნების, გარკვეული სოციალური ჯგუფისადმი კუთვნილების ან პოლიტიკური შეხედულებების გამო, და არ შეუძლია ან არ სურს, ამგვარი შიშიდან გამომდინარე, დაბრუნდეს თავისი წარმოშობის ქვეყანაში ან ისარგებლოს ამ ქვეყნის მფარველობით.

4. რას ნიშნავს ჰუმანიტარული სტატუსი?

- ჰუმანიტარული სტატუსი არის დამატებითი დაცვის სახე და ენიჭება პირს, რომელიც არ არის საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში მუდმივად მცხოვრები მოქალაქეობის არმქონე პირი, არ აკმაყოფილებს ლტოლვილის სტატუსის მისანიჭებლად დადგენილ კრიტერიუმებს და:
ა) რომელიც იძულებული იყო დაეტოვებინა თავისი წარმოშობის ქვეყანა ძალადობის, გარე აგრესიის, ოკუპაციის, შიგა კონფლიქტების, ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის ან საზოგადოებრივი წესრიგის მნიშვნელოვანი დარღვევის გამო;
ბ) რომელიც სამართლებრივი საფუძვლების, კერძოდ, საქართველოს მიერ ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებების (ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-3 მუხლიდან (წამების, არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობის ან დასჯის აკრძალვა) ან ადამიანის უფლებათა დაცვის სხვა საერთაშორისო აქტებიდან გამომდინარე არგაძევების სხვა ვალდებულებების) გამო არ შეიძლება იძულებით დაბრუნებულ იქნეს თავისი წარმოშობის ქვეყანაში და რომელსაც არ შეუძლია გაემგზავროს სხვა ქვეყანაში;
გ) რომლის წარმოშობის ქვეყანაში დაბრუნების შემთხვევაში შეიძლება სერიოზული საფრთხე შეექმნას მის სიცოცხლეს ან დაირღვეს მისი უფლებები.

5. საქართველოში თავშესაფრის პროცედურის ხანგრძლივობა?

- ,,ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, თავშესაფრის პროცედურის განხილვა მიმდინარეობს 6 თვის განმავლობაში. თუმცა იმ შემთხვევაში, როდესაც საქმის წარმოების პროცესში გამოიკვეთება საკითხები, რომლებიც საჭიროებს დამატებით შესწავლას, საქმის უკეთ გაცნობის მიზნით, ვადა დამატებით შესაძლოა გახანგრძლივდეს 3 თვით; 

6. ვინ არის თავშესაფრის მაძიებელი პირი?

- პირი, რომელმაც განცხადებით მიმართა საქართველოს ოკუპირებული ტერიოტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს, ითხოვს სამართლებრივ დაცვას ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭების გზით და რომლის მიერ მოწოდებულ პირველად ინფორმაციაში იკვეთება თავშესაფრის მინიჭების საფუძვლები;

7. როდიდან ითვლება უცხო ქვეყნის მოქალაქე თავშესაფრის მაძიებელ პირად?

- თავშესაფრის მინიჭების თხოვნით  განაცხადის შეტანიდან 10 დღის განმავლობაში სამინისტრო  დადგენილი კითხვარის მიხედვით ატარებს ანკეტირებას და იღებს გადაწყვეტილებას პირის თავშესაფრის მაძიებლად რეგისტრაციის ან რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ.  დადებითი გადაწყვეტილების მიღებიდან პირი ითვლება თავშესაფრის მაძიებლად, რაზეც გაიცემა შესაბამისი ცნობა;

8.  რას წარმოადგენს თავშესაფრის მაძიებელი პირის დამადასტურებელი ცნობა?

- თავშესაფრის მაძიებელი პირის დამადასტურებელი ცნობით დასტურდება, რომ ზემოაღნიშნულმა პირმა თავშესაფრის მოთხოვნით განცხადებით მიმართა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს. მისი განაცხადი განხილვის პროცესშია და საკითხის საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე პირი დაცული უნდა იყოს მისი წარმოშობის ან სხვა ისეთ ქვეყანაში იძულებით დაბრუნებისგან, სადაც მის სიცოცხლეს ან თავისუფლებას შეიძლება შეექმნას საფრთხე რასობრივი, რელიგიური, ეროვნული კუთვნილების, გარკვეული სოციალური ჯგუფის წევრობის ან პოლიტიკური შეხედულებების გამო;

9. რა უფლებებით სარგებლობს თავშესაფრის მაძიებელი პირი?

- თავშესაფრის მაძიებელს უფლება აქვს:
ა) ისარგებლოს მთარგმნელობითი მომსახურებით და მიიღოს ინფორმაცია ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭების პროცედურის შესახებ;
ბ) მიიღოს დროებითი განთავსების შესახებ მიმართვა და უფასოდ იცხოვროს მიმღებ ცენტრში, ხოლო განსაკუთრებულ შემთხვევაში – სამინისტროს მიერ გამოყოფილ დროებითი განთავსების სხვა ადგილზე;
გ) მიმღებ ცენტრში, ხოლო განსაკუთრებულ შემთხვევაში – სამინისტროს მიერ გამოყოფილ დროებითი განთავსების სხვა ადგილზე განთავსებისას მიიღოს ხელშეწყობა გადაადგილებასა და ბარგის გადატანაში;    
დ) მიიღოს სხვა სახის დახმარება;
ე) საქართველოს მოქალაქის მსგავსად ისარგებლოს განათლების უფლებით;
ვ) ისარგებლოს სამედიცინო და სოციალური დახმარებით საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად;   
ზ) გამოითხოვოს განცხადება;
თ) განთავისუფლდეს ნებისმიერ ინსტანციაში განცხადების განხილვასთან დაკავშირებული გადასახადებისაგან და ისარგებლოს უფასო მთარგმნელობითი მომსახურებით;
ი) ისარგებლოს შრომითი მოწყობის უფლებით საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;
კ) თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს, საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად;
ლ) ინფორმირებული იყოს გაეროს ლტოლვილთა უმაღლეს კომისარიატთან დაკავშირების შესაძლებლობის თაობაზე;

10. რა არის თავშესაფრის მაძიებელთა მიმღები ცენტრი?

- თავშესაფრის მაძიებელთა მიმღები ცხხხდდგფჰჰ./,მნბვცზაენტრი მდებარეობს დაბა მარტყოფში და ფუნქციონირებს 2011 წლიდან. ცენტრი გათვლილია 60 ადამიანზე. ცენტრში უზრუნველყოფილია დაცვის პოლიციის მომსახურება. უსაფრთხოების მიზნებისთვის  ფუნქციონირებს ვიდეო-მონიტორინგის სისტემა (საძინებლებისა და სველი წერტილების გარდა). ცენტრში გამოყოფილია ქალთა, მამაკაცთა და ოჯახების განთავსების ბლოკები. თითოეულ ბლოკში ფუნქციონირებს სამზარეულო, სამრეცხაო და მოსასვენებელი ოთახები, სველი წერტილები, ასევე საერთო ინტერნეტ-ოთახი, ბიბლიოთეკა და მცირე სატრენაჟორო დარბაზი. ადმინისტრაციულ ნაწილში უზრუნველყოფილია გასაუბრების 2 ოთახი, სადაც თავშესაფრის მაძიებელი პირებისათვის ტარდება კანონით გათვალისწინებული პროცედურები;

11. რა სახით ტარდება გასაუბრების პროცედურა თავშესაფრის მაძიებელ პირთან?

- თავშესაფრის მაძიებელი პირი გასაუბრების დანიშვნის შესახებ გაფრთხილებულ უნდა იქნას 3 დღით ადრე. გასაუბრება ტარდება სამინისტროში ან მარტყოფის თავშესაფრის მაძიებელთა მიმღებ ცენტრში. გასაუბრებას ატარებს სამინისტროს წარმომადგენელი, რომელიც თავშესაფრის მაძიებელს უსვამს მის საქმესთან დაკავშირებულ წინასწარ მომზადებულ შეკითხვებს. დამკვირებლის სტატუსით გასაუბრებას ესწრება საქართველოში გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის  ან გაეროს ასოციაციის წარმომადგენელი. თავშესაფრის მაძიებელი პირი გასაუბრებისას უზრუნველყოფილია თარჯიმნის მომსახურებით.

12. რა შედეგები მოჰყვება  გასაუბრებაზე თავშესაფრის მაძიებლის გამოუცხადებლობას?

- თავშესაფრის მაძიებლის მიერ საპატიო მიზეზის გარეშე, შეტყობინების იგნორირებით გასაუბრებაზე ორჯერ გამოუცხადებლობის შემთხვევაში, სამინისტრო წყვეტს განცხადების განხილვას;

13. რა უფლებები აქვს ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირს?

ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირს უფლება აქვს:
- სტატუსის მინიჭებიდან 3 თვის განმავლობაში იცხოვროს მიმღებ ცენტრში, ხოლო განსაკუთრებულ შემთხვევაში – სამინისტროს მიერ გამოყოფილ დროებითი განთავსების სხვა ადგილზე ან განთავსდეს საკუთარი ხარჯით;
- დაბრუნდეს თავისი წარმოშობის ქვეყანაში ან გაემგზავროს სხვა ქვეყანაში;
- საქართველოს მოქალაქის მსგავსად ისარგებლოს განათლების უფლებით;
- ისარგებლოს სამედიცინო და სოციალური დახმარებით საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად;
- ისარგებლოს საქართველოს კანონმდებლობით უცხო ქვეყნის მოქალაქისთვის მინიჭებული უფლებებით, თუ ამ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი.

14. რა ვალდებულებები აქვს ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირს?

ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირი ვალდებულია:
- დაიცვას საქართველოს კანონმდებლობა;
- წინასწარ აცნობოს სამინისტროს, რომ სურს ადრე არჩეული საცხოვრებელი ადგილის შეცვლა;
- გაიაროს ყოველწლიური რეგისტრაცია.

15. რა დახმარებას იღებს ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირი?

- 2014 წლის 1 მარტიდან ლტოლვილსა და ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირზე გასაცემი ყოველთვიური შემწეობა განისაზღვრა 45 ლარით;

16. შეუძლიათ თუ არა ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის პირებს მიიღონ საქართველოს მოქალაქეობა?

- ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის პირს შესაძლებლობა აქვთ საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების თაობაზე განცხადებით მიმართოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს  „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად;

17. რა ხდება ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის შემთხვევაში?

თუ თავშესაფრის მაძიებელ პირს უარი ეთქვა ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭებაზე, 3 დღეში  მას გადაეცემა ან ეგზავნება თავშესაფრის მაძიებელს განცხადებაში მითითებულ მისამართზე შეტყობინება, უარის თქმის მიზეზებისა და გადაწყვეტილების გასაჩივრების წესის მითითებით.