საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო

ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირთა სოციალურ - ეკონომიკური გარანტიები


ლტოლვილები საზოგადოების ისეთივე წევრები არიან, როგორც ნებისმიერი სხვა. თავიანთ სამშობლოში ისინი სწავლობდნენ, მუშაობდნენ, ვითარდებოდნენ და მათი ეს უფლება - განაგრძონ სრულყოფილი ცხოვრება, ისევეა აღიარებული და დაცული საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ, როგორც საზოგადოების ნებისმიერი სხვა წევრის. გაეროს „ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“ კონვენციის შესაბამისად, საქართველოს კანონმდებლობა განსაზღვრავს აღნიშნული სოციალურ-ეკონომიკური გარანტიებითა და უფლებებით უზრუნველყოფას იმ პირებისთვის, რომლებიც საქართველოში ლტოლვილის ან ჰუმანიტარულ სტატუსს მიიღებენ.

„ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსების შესახებ“ საქართველოს კანონის მიხედვით, ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირები უფლებამოსილნი არიან საქართველოს მოქალაქეების მსგავსად ისარგებლონ დასაქმებისა და განათლების უფლებით, ასევე სამედიცინო დახმარებით, კანონმდებლობით დადგენილი წესების შესაბამისად. ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირები უზრუნველყოფილნი არიან გადაადგილების თავისუფლებით როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის ფარგლებს გარეთ.

სოციალური მხარდაჭერა

ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირები უზრუნველყოფილნი არიან სოციალური დახმარებით. 2014 წლის პირველი მარტიდან თავშესაფრის მქონე პირთა ყოველთვიური შემწეობის ოდენობა გაიზარდა და ისევე როგორც, საქართველოში იძულებით გადაადგილებული პირების ყოველთვიური შემწეობის ოდენობა, შეადგენს 45 ლარს.

2015 წელს სამინისტროში შეიქმნა თავშესაფრის მაძიებელთა და ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირთათვის ფულადი შემწეობის გამცემი კომისია. აღნიშნული კომისიის გადაწყვეტილებით, გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის ამიერკავკასიის ოფისის დახმარებით, ალტერნატიული საცხოვრებლით უზრუნველყოფის ან ყოველთვიური ფინანსური შემწეობის გაცემის მიზნით,  ხდება როგორც თავშესაფრის მაძიებელთათვის, ისე ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირთათვის ფინანსური დახმარების გამოყოფა. ფულადი შემწეობა გაიცემა იმ პირებზე, რომელიც მიეკუთვნებიან მოწყვლად კატეგორიას.

ჯანდაცვა

2013 წლის 23 ოქტომბრიდან ლტოლვილთა და ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირთათვის მოქმედებს საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამა; 2015 წლის 1 იანვრიდან „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამისა“ და ე.წ. ჯანდაცვის „ვერტიკალური“ პროგრამების მოსარგებლეებად, ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირებთან ერთად, განისაზღვრნენ საქართველოში თავშესაფრის მაძიებელი პირები. საინფორმაციო ბროშურა >>>

განათლება

ზოგადი განათლების შესახებ საქართველოს კანონის თანახმად, თავშესაფრის მაძიებლები და ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირები ზოგადი განათლების სფეროში სარგებლობენ ისეთივე უფლებით, როგორც საქართველოს მოქალაქეები; საქართველოს მთავრობის 2015 წლის 29 იანვრის #15 დადგენილების საფუძველზე, თავშესაფრის მაძიებელ, ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირთათვის შემუშავდა ქართული ენის შემსწავლელი პროგრამა სასკოლო ასაკის ბავშვებისთვის. პროგრამა ითვალისწინებს ქართულ ენაში მომზადებას იმ დონეზე, რომელიც აუცილებელია ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამით სწავლის გასაგრძელებლად. პროგრამის დაძლევის შემთხვევაში, ბენეფიციარებს მიეცემათ შესაძლებლობა, სწავლა განაგრძონ შესაბამის კლასში.

თბილისის საკრებულოს 2015 წლის 3 თებერვალის #2-5 დადგენილების შესაბამისად, საქართველოს მოქალაქეების მსგავსად, თავშესაფრის მაძიებლების, ლტოლვილთა ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირთა სკოლამდელი ასაკის შვილებისთვის ხელმისაწვდომია სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების მომსახურება.

დასაქმება

2015 წლის 31 აგვისტოს მიღებულ იქნა  საქართველოს მთავრობის დადგენილება სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადება-გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ. პროგრამის სამიზნე ჯგუფს, სხვა პირებთან ერთად, წარმოადგენენ 20 წლის ზემოთ შრომითი ქმედუნარიანობის მქონე ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირები, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან სამუშაოს მაძიებლებად სააგენტოს მიერ ადმინისტრირებად, შრომის ბაზრის მართვის საინფორმაციო სისტემაზე - www.worknet.gov.ge და თანახმა არიან, გაიარონ პროფესიული მომზადება-გადამზადების მოკლევადიანი სასწავლო კურსი.

მოქალაქეობის მინიჭება

ლტოლვილთათვის უზრუნველყოფილია ნატურალიზაციის უფლება და დაწესებულია გამარტივებული პირობები საქართველოს მოქალაქეობის მოპოვებისთვის, რაც გულისხმობს, მხოლოდ სახელმწიფო ენის, საქართველოს ისტორიის და სამართლის ძირითადი საფუძვლების დადგენილ ფარგლებში ცოდნას და საქართველოში ბოლო 5 წლის განმავლობაში კანონიერად ცხოვრებას. 2009 წლიდან 2015 წლამდე 509 ლტოლვილს მიენიჭა საქართველოს მოქალაქეობა, რომელთაგან უმრავლესობა რუსეთის ფედერაციის მოქალაქეები იყვნენ. ნატურალიზაციის პროცესის მხარდაჭერის გასაზრდელად, სახელმწიფო აქტიურად მუშაობს საინტეგრაციო პროგრამების დახვეწასა და ლტოლვილის სტატუსის მქონე პირთათვის სისტემურად შეთავაზებაზე.