საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო

ხშირად დასმული კითხვები დევნილთა შესახებ

1. ვის შეიძლება მიენიჭოს დევნილის სტატუსი?

დევნილად ითვლება საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელიც იძულებული გახდა დაეტოვებინა მუდმივი საცხოვრებელი ადგილი იმ მიზეზით, რომ უცხო ქვეყნის ოკუპაციის, აგრესიის, შეიარაღებული კონფლიქტის, საყოველთაო ძალადობის ან/და ადამიანის უფლებების  მასობრივი  დარღვევის გამო საფრთხე შეექმნა მის ან მისი ოჯახის წევრის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან თავისუფლებას ან/და ზემოაღნიშნული მიზეზის გათვალისწინებით შეუძლებელია მისი მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნება.

2. რა საბუთები უნდა დაერთოს დევნილის სტატუსის მოთხოვნის განაცხადს?

დევნილად ცნობისა და დევნილის სტატუსის მინიჭების შესახებ განცხადებით უნდა მომართოთ  სამინისტროს ან მის ტერიტორიულ ორგანოს. განაცხადს უნდა ერთვოდეს შემდეგი დოკუმენტაცია:

  • საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა;
  • ცნობა  ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლობიდან , სადაც აღნიშნული იქნება ოკუპირებულ ტერიტორიაზე ცხოვრების პერიოდი;
  • დევნილის დროებითი რეგისტრაციის მისამართის ამონაწერი საჯარო რეესტრიდან;
  • დროებითი რეგისტრაციის ადგილის მეპატრონის პირადობის მოწმობა;
  • მეპატრონის ნოტარიალური თანხმობა;
  • დაბადების მოწმობა (სასურველია);
  • უძრავი ქონების დეკლარაციის შევსების ცნობა (სასურველია);
  • საქართველოს ეროვნული პასპორტი (სასურველია);
  • ორმაგი მოქალაქეობის დამადასტურებელი საბუთი (არსებობის შემთხვევაში);
  • ქორწინების მოწმობა (არსებობის შემთხვევაში).

3. რა საბუთები უნდა დაერთოს ბავშვისთვის დევნილის სტატუსის მოთხოვნის განაცხადს?

ბავშვის დევნილად ცნობისა და დევნილის სტატუსის მინიჭების შესახებ განცხადებით უნდა მომართოთ  სამინისტროს ან მის ტერიტორიულ ორგანოს.  განაცხადს უნდა ერთვოდეს შემდეგი დოკუმენტაცია:

  • დევნილის სტატუსის მქონე მშობლების  პირადობისა და დევნილის მოწმობის ასლები;
  • ბავშვის  დაბადების მოწმობის ასლი;
  • არადევნილი მშობლის პირადობის მოწმობის ასლი;
  • არადევნილი მშობლის ნოტარიული თანხმობა;

4. რა საბუთებია საჭირო დევნილის გადამისამართებისათვის?

გადამისამართების  შესახებ განცხადებით უნდა მომართოთ  სამინისტროს ან მის ტერიტორიულ ორგანოს.  განაცხადს უნდა ერთვოდეს შემდეგი დოკუმენტაცია:

  • ნოტარიალურად დამოწმებული ბინის მესაკუთრის თანხმობა;
  • ბინის მესაკუთრის პირადობის მოწმობა;
  • საჯარო რეესტრის ამონაწერი;
  • დევნილი ოჯახის წევრების პირადობისა  და დევნილის მოწმობები.

კომპაქტურად დარეგისტრირების შემთხვევაში საჭიროა ობიექტის მესაკუთრის თანხმობა.

5. როგორ  ხდება  დევნილების განსახლება?

საცხოვრებელი ფართების განაწილება კრიტერიუმების გათვალისწინებით მიმდინარეობს. თითოეული დევნილი ოჯახის მიერ შევსებულ აპლიკაციას ენიჭება შესაბამისი ქულა, რაც  ბინის მიღების რიგითობას განსაზღვრავს.
სამინისტროს მონიტორინგის სამსახური დევნილი ოჯახებისთვის მინიჭებულ ქულებს ადგილზე ამოწმებს.  გადამოწმებული განაცხადები, გადაწყვეტილების მისაღებად,  დევნილთა საკითხების შემსწავლელ კომისიას წარედგინება.

6. როგორ ხდება სამინისტროს თანამდებობის პირებთან შეხვედრაზე ჩაწერა?

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის მოადგილეებთან და დევნილთა საკითხების დეპარტამენტის წარმომადგენლებთან შეხვედრის მსურველები უნდა დაუკავშირდნენ სამინისტროს ცხელ ხაზს (2 43 11 00). 

7. ხდება თუ არა შემწეობის შეჩერება დევნილის შემოსავლის გათვალისწინებით? 

თუ დევნილის დასაბეგრი შემოსავალი თვეში შეადგენს 1250 ლარს ან მეტს, დევნილს  მომდევნო თვეში შემწეობა შეუჩერდება. თუ შემდგომ  თვეში დევნილის დასაბეგრი შემოსავალი არ აღემატება 1250 ლარს შემწეობა ავტომატურად აღდგება.

8. როგორ ხდება დევნილთათვის ერთჯერადი ფულადი დახმარების გაცემა?

ერთჯერადი ფულადი დახმარება გაიცემა  უკიდურესად მძიმე ეკონომიურ მდგომარეობაში  მყოფ დევნილ ოჯახებზე, რომლებსაც აქვთ სამედიცინო თუ სხვა გადაუდებელი ხარჯები. ფულადი დახმარების მიღების თაობაზე დევნილმა უნდა დაწეროს განცხადება, რომელსაც  დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისია განიხილავს. ფულად დახმარებაზე განცხადების დაწერა შესაძლებელია 6 თვეში ერთხელ. 

9. გასცემს თუ არა სამინისტრო ფულად კომპენსაციას დევნილთა გრძელვადიანი განსახლების მიზნით?

დევნილთა გრძელვადიანი განსახლების მიზნით ფულადი კომპენსაციები არ გაიცემა. 

10. გაიცემა თუ არა სამინისტროს მიერ ქირის საკომპენსაციო თანხა?

დევნილი ოჯახების განცხადებებს,  ქირის თანხის დაფარვასთან დაკავშირებით,  დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისია ინდივიდუალურად განიხილავს და გადაწყვეტილებას  შესაბამისი კრიტერიუმების გათვალისწინებით იღებს.

11. განიხილება თუ არა ხელმეორედ იმ დევნილთა განაცხადები, რომელთაც სხვადასხვა დროს სახელმწიფოსგან  ან კერძო ინვესტორისგან მიიღეს ბინა ან ფულადი კომპენსაცია?

დევნილთა ოჯახები, რომლებსაც სახელმწიფოსგან ან კერძო ინვესტორისგან  მიღებული აქვთ საცხოვრებელი ფართი ან საცხოვრებელი ფართის სანაცვლოდ ფულადი კომპენსაცია, სახელმწიფოს მხრიდან დაკმაყოფილებულად ითვლებიან, შესაბამისად მათი განაცხადები ხელმეორედ აღარ განიხილება.

12.  აფინანსებს თუ არა დევნილი სტუდენტების სწავლის საფასურს სამინისტრო?

სამინისტროს ფინანსური რესურსები მთლიანად მიმართულია ბინების მშენებლობაზე, რათა  სწრაფ ტემპში მოხდეს დევნილთა გრძელვადიანი განსახლება.  ამიტომ,  ამ ეტაპზე,  სამინისტრო სტუდენტებს სწავლის საფასურს ვერ დაუფინანსებს.