საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო

ზოგადი ინფორმაცია

 

თავშესაფარი საქართველოში


საქართველოში ლტოლვილები 1994 წლიდან გამოჩნდნენ, თუმცა 1999 წლამდე მათი რაოდენობა ერთეულებით შემოიფარგლებოდა. 1999 წელს რუსეთის ფედერაციის ჩეჩნეთის რესპუბლიკაში დაწყებული საომარი მოქმედებების გამო, საქართველოში თავშესაფრის თხოვნამ მასობრივი ხასიათი მიიღო. საქართველოს ხელისუფლებამ ჯგუფური მიდგომით სტატუსის მინიჭების პრინციპს (Prima Facie) მიმართა და ცხრა ათასამდე პიროვნებას ლტოლვილის სტატუსი მიანიჭა. თავშესაფრის მაძიებელთა დიდი რაოდენობით შემოსვლის მეორე ტალღა 2012 წლიდან დაიწყო - 2014 წლის ბოლოსთვის თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობა 20-ჯერ და მეტად გაიზარდა. აღნიშნული, ძირითადად, ახლო აღმოსავლეთში გამწვავებულმა სამოქალაქო დაპირისპირებამ და  შეიარაღებულმა კონფლიქტებმა გამოიწვია. თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობის ზრდაზე გავლენა იქონია უკრაინაში დაწყებულმა კონფლიქტმაც. ბევრად უფრო დაბალი ტემპით, მაგრამ შესამჩნევად იზრდება თავშესაფრის მაძიებლების რიცხვი სხვა ქვეყნებიდანაც. საქართველოში თავშესაფრის საკითხები რეგულირდება საქართველოს კანონით „ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსების შესახებ“, რომელიც 2012 წლის მარტიდან მოქმედებს.

საქართველოში თავშესაფარი მოიცავს ორი სახის სტატუსს: ლტოლვილის სტატუსს და ჰუმანიტარულ სტატუსს. „ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ლტოლვილის სტატუსი ენიჭება პირს, რომელიც არ არის საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში მუდმივად მცხოვრები მოქალაქეობის არმქონე პირი, იმყოფება საქართველოში, აქვს საფუძვლიანი შიში, რომ იგი შეიძლება გახდეს დევნის მსხვერპლი რასის, რელიგიის, აღმსარებლობის, ეროვნების, გარკვეული სოციალური ჯგუფისადმი კუთვნილების ან პოლიტიკური შეხედულებების გამო, და არ შეუძლია ან არ სურს, ამგვარი შიშიდან გამომდინარე, დაბრუნდეს თავისი წარმოშობის ქვეყანაში ან ისარგებლოს ამ ქვეყნის მფარველობით.

„ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ჰუმანიტარული სტატუსი ენიჭება პირს, რომელიც არ არის საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში მუდმივად მცხოვრები მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელიც არ აკმაყოფილებს ლტოლვილის სტატუსის მინიჭებისთვის დადგენილ კრიტერიუმებს და რომელიც იძულებული იყო დაეტოვებინა თავისი წარმოშობის ქვეყანა ძალადობის, გარე აგრესიის, ოკუპაციის, შიგა კონფლიქტების, ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის ან საზოგადოებრივი წესრიგის მნიშვნელოვანი დარღვევის გამო; ჰუმანიტარული სტატუსი, ასევე, მიენიჭება პირს, რომელიც სამართლებრივი საფუძვლების, კერძოდ, საქართველოს მიერ ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებების (ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-3 მუხლიდან (წამების, არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობის ან დასჯის აკრძალვა) ან ადამიანის უფლებათა დაცვის სხვა საერთაშორისო აქტებიდან გამომდინარე არგაძევების სხვა ვალდებულებების) გამო არ შეიძლება იძულებით დაბრუნებულ იქნეს თავისი წარმოშობის ქვეყანაში და რომელსაც არ შეუძლია გაემგზავროს სხვა ქვეყანაში; ჰუმანიტარული სტატუსი, ასევე, მიენიჭება პირს, რომლის წარმოშობის ქვეყანაში დაბრუნების შემთხვევაში შეიძლება სერიოზული ზისაფრთხე შეექმნას მის სიცოცხლეს ან დაირღვეს მისი უფლებები.

ჰუმანიტარული სტატუსი შეიძლება აგრეთვე მიენიჭოს პირს, რომელიც არ არის საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში მუდმივად მცხოვრები მოქალაქეობის არმქონე პირი და რომელიც იძულებული გახდა გადაადგილებულიყო ქვეყნის შიგნით,მაგრამ არ ეკუთვნის დევნილის სტატუსი „იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. ჰუმანიტარული სტატუსი, ასევე, მიენიჭება პირს, რომელიც საქართველოში შემოვიდა მოსაზღვრე წარმოშობის ქვეყნიდან, იქ მომხდარი სტიქიური უბედურების გამო. ჰუმანიტარული სტატუსი აგრეთვე მიენიჭება პირს, რომელსაც ესაჭიროება სხვა სარწმუნო ჰუმანიტარული დახმარება.

მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, სამინისტრო თავშესაფრის თხოვნას განიხილავს ექვსი თვის განმავლობაში. აღნიშნული ვადა, საჭიროებისამებრ, შესაძლოა გახანგრძლივდეს ერთჯერადად 3 თვის ვადით. თავშესაფრის პროცედურის მიმდინარეობისას, თავშესაფრის მაძიებელს უტარდება პირველადი ანკეტირება და გასაუბრება, რა დროსაც ხდება ყველა იმ ფაქტისა და გარემოების გამორკვევა, რომელიც მნიშვნელოვანია განაცხადის განხილვისა და გადაწყვეტილების მისაღებად. გადაწყვეტილება თავშესაფრის მინიჭებაზე ან თავშესაფრის მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ ემყარება თავშესაფრის მაძიებელთან ჩატარებული ანკეტირებისა და გასაუბრებისას მიღებულ ინფორმაციას, განმცხადებლის და მისი ოჯახის წევრების მიერ მოწოდებული ინფორმაციის და დოკუმენტაციის, ასევე მოყვანილი ფაქტების სანდოობის ანალიზს და წარმოშობის ქვეყნის შესახებ ინფორმაციას.